ამბები

რა იწვევს აგრესიას მოზარდებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - ფსიქოლოგის რეკომენდაციები


მთლი საქართველო შეძრა მოზარდებს შორის მომხდარმა საშინელმა დაპირისპირებამ, რომელსაც ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში. გთვაზობთ ინტერვიუს ბავშვთა ფსიქოლოგთან ჩვენი არქივიდან მოზარდთა აგრესიის შესახებ.
უმიზეზო აგრესია არ არსებობს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ადამიანი აწყდება გაურკვევლობას, წინააღმდეგობას, ღალატს, როდესაც მისით მანიპულირებენ ან აშინებენ, როდესაც ის არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ეკარგება სხვებისთვის ცხოვრების სურვილი. სწორედ ამ დროს იჩენს თავს აგრესია გარშემო მყოფთა მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მიმართ განხორციელებული აგრესია, თუმცა ჩვენში ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ.-0:07ასეთი ფაქტები ყოველთვის იმალება, ინიღბება. ბავშვები აგრესიას ეჯახებიან შინ, სკოლებში, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანზე. ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება. 

- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას შეკითხვა ექიმს ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?
- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს. ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.
- სად არის გამოსავალი?
- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება. ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის. გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა.

- ხშირად აგრესიის მიზეზი მშობლების აპათიაა...

- აპათია - ეს არის პასიური ემოციური მდგომარეობა, განურჩევლობა, გულგრილობა გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იგი გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სამსახურში დაძაბული ვითარებით, ოჯახში აწეწილი ურთიერთობებით. ყოველივე ამის შედეგად კი ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ზარალდებიან. ასეთ დროს აუცილებელია პრობლემის მოგვარება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება. პოზიტიური შედეგი მოაქვს ბავშვთან ერთად სეირნობას, საყვარელი ნათესავების მონახულებას. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გააზრებაც, რომ გვსურს, კარგი მშობლები ვიყოთ. არსებობს ე.წ. ხუთოსნის კომპლექსი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ. ისინი მიილტვიან, შეუქმნან შვილს საუკეთესო პირობები, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, რომ დაღლა არ შეიძლება... სწორედ მათ ეწურებათ შინაგანი და ემოციური რესურსი ყველაზე ადრე და ეუფლებათ აპათია და არა მათ, ვინც შვილების გონებრივ განვითარებაზე თითქმის არ ზრუნავს. ასეთ დროსაც დიდი სარგებლობა მოაქვს შვილთან ერთად უქმეების გატარებას ყოველგვარი მეცადინეობისა და აღმზრდელობითი ღონისძიებების გარეშე. გაითვალისწინეთ: ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც შვილს თქვენზე მეტს გაუკეთებს და ისეთიც, რომელიც იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც თქვენ. თუ ხვდებით, რომ საქმეს ვერ აუდიხართ, დაიხმარეთ ვინმე - დედა, დედამთილი, და, მეგობარი, აიყვანეთ ძიძა და მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

- სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?
- შიშზე დაფუძნებული მეთოდები - ყვირილი, დასჯა - სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, თუმცა არცთუ სახარბიელოა მათი შედეგი. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ასეთი სურათი: დედა უფროს შვილს იმის გამო სცემს, რომ მან უმცროს დას ან ძმას ჩაარტყა და მოითხოვს მისგან, ასეთი რამ აღარ გაბედოს. აღზრდის ეს ხერხი არათუ შედეგს ვერ გამოიღებს, უფრო მეტადაც გააფუჭებს საქმეს. თავად განსაჯეთ - როგორ გავაგებინებთ ბავშვს, რომ ძალადობა არ შეიძლება, თუ თვითონვე ვიძალადეთ მასზე? ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მას პატივს სცემენ, რათა თავადაც ასე მოეპყროს სხვებს. იყო დრო, როდესაც შიშს მართლაც შეეძლო ბავშვის, მოზარდის  ქცევის შეცვლა და ამ კუთხით პოზიტიური შედეგის მოტანა, მაგრამ დღევანდელ ბავშვებში, რომლებიც გაცილებით ინფორმირებულები არიან, ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს - ისინი აგრესიაზე აგრესიითვე გვიპასუხებენ. ნებისმიერი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების კონტინგენტის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა 90 პროცენტი სწორედ ისეთი ადამიანია, ვინც შიშის ქვეშ იზრდებოდა, ვისაც მშობლები განსაკუთრებით მკაცრად სჯიდნენ. გარდა ამისა, ფსიქოთერაპევტებთან მრავლად ნახავთ პაციენტებს, რომლებიც არასწორი აღზრდის შედეგად დეპრესიით, შიშით, განგაშის შეგრძნებითა და აპათიით იტანჯებიან. ცხადია, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - არასწორია მეტისმეტად რბილი მოპყრობაც. ცხადია, ამას გვიკარნახებს ბავშვის სიყვარული, მაგრამ აღზრდის თვალსაზრისით ასეთი მიდგომა ნაკლეფექტიანია. ბავშვები ოქროს შუალედის პრინციპზე დაფუძნებული მეთოდებით უნდა აღვზარდოთ. თავისუფლება, რომელსაც ბავშვებს ვთავაზობთ, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს მეთოდებით, რომლებიც მათი კონტროლის საშუალებასაც იძლევა და, ამასთან, მათში თანამშრომლობის სურვილსაც ბადებს. არ შეიძლება ბავშვისთვის სრული თავისუფლების მიცემა, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა. მრავალი მათგანი, ვისაც ბავშვობაში ცუდად ექცეოდნენ, ცდილობს, არასოდეს დასაჯოს და დაამციროს შვილი - ჯერ ერთი, პირადი გამოცდილებით იციან, რომ ეს მეთოდები არ ჭრის, მეორე - სურთ, იყვნენ ისეთი მშობლები, როგორებზეც თავად ოცნებობდნენ. სწორედ აქ მოსდით მათ შეცდომა - არ იციან, როგორ შეცვალონ შიშზე დაფუძნებული მეთოდები სიყვარულით გაჯერებული წესებით, არ შეუძლიათ, ბავშვს დისციპლინისკენ მოუწოდონ და საბოლოო ჯამში, აზულუქებენ მათ. დღეს ბავშვები მცირე ასაკიდანვე მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ, ლამობენ უფროსების მეურვეობისგან გათავისუფლებას მაშინ, როდესაც საამისოდ ჯერ კიდევ არ არიან მზად. მათ სჭირდებათ მშობლების ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ მათი მტკიცე ნება ვერ იგრძნეს, აუცილებლად დააღწევენ თავს მათ კონტროლს.

წყარო:https://mkurnali.geскачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]