ამბები

"მწვანილების საწყობში მუშაობდა, ბანკეტისთვის აგროვებდა ფულს..." - ვინ იყო 17 წლის ბიჭი, რომელიც თანასოფლელმა მოკლა


2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ტრაგედია დატრიალდა - 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი მოკლა და მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა. ტრაგედია ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის მიზეზად ორი ვერსია სახელდება: ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ტელეფონის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება გოგონას უკავშირდებოდა. 
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანატოლი ბრალდებულმა - AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის დეიდა გვანცა ცომაია ესაუბრება: 

- განადგურებულები ვართ. ანგელოზივით ბიჭი მკვდარი გვყავს სახლში, უწესიერესი ბავშვი იყო. მისგან ცუდი არავის ახსოვს და ასე ვერაგულად მოგვიკლა ამ ნაძირალამ. თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, ნემსებს ვუკეთებთ, გათიშულია ქალი... მამამისიც ამ მდგომარეობაშია. რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას გაგვაგებინეთ?! 

- იცნობდა თორნიკე მკვლელობაში ბრალდებულს?
- იცნობდა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თორნიკე წელს ამთავრებს სკოლას, იმ ნაძირალამ ორი წლის წინ დაამთავრა და თბილისში წავიდა. თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა ბავშვი, საღამოს მწვანილების საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა, სულ მასთან ერთად უნდოდა ყოფილიყო, თბილისში როცა წავიდა დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ისევ ჩამოვიდა. იცოდა თორნიკეს თავისი ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ჩემი საწყალი ბავშვი, რომელიც გაჭირვებაში გამოვზარდეთ, ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა იმას, მაგრამ მაინც მოგვიკლა...

- როგორ აღმოჩნდნენ ერთად სოფლის სასაფლაოზე?
- სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გარეთ გამოდიო. გაყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული და ეს ერთი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო... 

- ამბობენ, თითქოს ტელეფონის გამო მოკლა თქვენი დისშვილი?
- რომელი ტელეფონის გამო უნდა მოეკლა. სად გვქონდა ჩვენ იმის ფული, ბავშვისთვის კარგი ტელეფონი გვეყიდა? უბრალო გატეხილი ტელეფონი ჰქონდა თორნიკეს და ისიც სახლში დატოვა როცა იმან დაუძახა. ისიც თქვეს, ვითომ გოგოს გამო მოკლა, ესეც ტყუილია, გოგოს გამო თუ მოკლა, სად არის ის გოგო? სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს? თორნიკე ფულს რომ არ აძლევდა და სულ მასთან ერთად რომ არ იყო, ამიტომ მოკლა და გაგვაუბედურა. 

- სად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული?
- თბილისში დააკავეს. გამოძიება კანონებით ობიექტურად კი მიდის, მაგრამ როცა ასეთ ბავშვს მოგიკლავენ, მკვლელი გარეთ უნდა გამოვიდეს და 15 წლის მერე ჩვენს გვერდით უნდა იცხოვროს? ლინჩის წესით გავასამართლებთ, მაგან ჩვენი ცხოვრება გაანადგურა!

- სკოლის დამთავრების შემდეგ, რა გეგმები ჰქონდა თორნიკეს?
- ვერ სწავლობდა კარგად, არ მოგატყუებთ რომ ძალიან ნიჭიერი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებდა. უნდოდა სწავლის დამთავრების შემდეგ ავტოსამრეცხაოში დაეწყო მუშაობა, იცოდა სადაც იმუშავებდა და უხაროდა, მაგრამ მოგვიკლეს ბიჭი და მოგვკლეს ჩვენც...

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GEскачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]