ამბები

განათლების მინისტრმა ქართველი მოსწავლეების იტალიაში მყოფ დედას დაურეკა – საუბრის დეტალები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ემიგრაციაში მყოფი მოსწავლეების დედას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მინისტრს ღია წერილით მიმართა, იტალიაში დაურეკა და ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დეტალებზე ლ. თოლორდავა თავად საუბრობს:
– ვივა ლელა!!!
– ვივა მინისტრო!!!
– ვივა ჯორჯია!!!
იმედიანი მერკოლედი გამითენდა. ზუსტად ერთი კვირის უკან ზღვის პირას ვიჯექი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს ღია წერილს ვწერდი, რომელმაც თქვენი დიდი ძალისხმევით მიაღწია ადრესატამდე. ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი დამიკავშირდა. ბევრი მაიმედებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ისედაც გულგატეხილ დედას ბოლომდე მიფლეთდნენ გულს. შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო, ჟურნალისტი ბადანტედ გაქცია და რისი იმედი გაქვსო…
არცერთი მსგავსი წერილი გულთან ახლოს არ მიმიტანია, არცერთი უსიტყვო დაცინვა, ზურგსუკან კრიტიკა და ინტრიგან მშობლად მონათვლა არად ჩამიგდია და იცით რატომ?! გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ჩემ ხმას მივაწვდენდი მას, ვისაც მინდოდა რომ გაეგო.
დამერწმუნეთ, არასდროს ასე არ დავლოდებივარ ვინმეს ზარს, ასე სულმოუთქმელად. სიზმარშიც კი დამირეკა, რამდენჯერმე, მინისტრმა 
  გუშინ საღამოს სპაცატურის (ნაგვის) გადასაყრელად 5 წუთით გასულს, ტელეფონი სახლში დამრჩა და ეს რომ აღმოვაჩინე, არ ვიცი რა სიჩქარით დავფარე უკანა გზა 
ახლა სინიორ დომენიკო იკითხეთ, ათასჯერ მეკითხებოდა – მინისტრმა დაგირეკაო

დილიდ, კოლაციონეზე ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამო რომ ლამის დავახრჩვე სინიორ დომენიკო, ხომ გითხარით 

პრენცარეს მაინც მიირთვამს მშვიდათ თქვა და დოდიჩი ორას ნაცვლად უნდიჩი მეძაზე გადმოვწიე. ის იყო მოვრჩი მანჯარის კეთებას და მელანძანას კოტოლეტო თეფშზე გადმომქონდა, ზარია ტელეფონზე, დავხედე ეკრანს და საქართველოო … არ ვიცი, დიახ ვუთხარი თუ გისმენთ, პრონტო რომ არ მითქვამს ზუსტად მახსოვს 

-მოგესალმებით ქალბატონო ლელა, მიხეილ ჩხენკელი გაწუხებთო…
ჩემი პაუზა…
-ცუდ დროს ხომ არ გირეკავთო…
– დიახ, ჩემს ნონნოს სადილს მივართმევ და 5 წუთში შევძლებ საუბარს მეთქი.
– კარგით 5 წუთში დაგირეკავთო…
გავთიშე ტელეფონი და ბოლო ხმაზე დავუძახე სინიორ დომენიკო
იმან, მინისტრმა დარეკაო?! სი, სი!!!
მგონი თავისით წამოხტა საწოლიდან, თავის სათამადო ადგილზე დაჯდა და ჩემდა გასაკვირად მანჯარს ზედაც არ შეხედა 

– ვივა ლელა!!!
– ვივა მინისტრო!!!
-ვივა ჯორჯია!!!
სინიორ დომენიკო ამ შეძახილებით მამხნევებდა მაშინაც, მინისტრმა მეორედაც რომ დამირეკა და ბარე ნახევარი საათი ვისაუბრეთ, რამდენჯერმე გაწყდა კავშირი, იმდენჯერ დამირეკა…
მოკლედ, ბატონმა მიხეილმა ბოდიში მომიხადა, ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედიების გამო ვერ შევძელი თქვენთან დღემდე დაკავშირებაო. გავეცანი თქვენს ღია წერილს და ყველაფერში გეთანხმებითო. სამინისტროს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, სკოლა სასწავლო დაწესებულებას რომ დაამსგავსოსო. მესაუბრა პედაგოგების გადამზადებაზე, სასწავლო პრობრამებზე, სახელმძღვანელოების შეცვლაზე. უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და გპირდებით, ყველა სახელმძღვანელოს პირადად გავეცნობიო. რაც შეეხება სკოლებში გამეფებულ კორუფციას და ,,საშინაო სკოლებს” სასწრაფო წესით მოხდება ამ ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებულიო.
ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ გავმეორდი და ვუთხარი, რომ მე ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, დღეს რომ უცხო ქვეყანაში ვარ გადმოხვეწილი და სინიორ დომენიკოს ბადანტე ვარ, ამაში დამნაშავეა განათლების კორუფციული სისტემა მეთქი …
ვუთხარი ისიც, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის ეპიცენტრში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მყოფი სიკვდილმა დამინდო და ჩემი თავი არ წაართვა ჩემს შვილებს, კორუფციულმა განათლების სისტემამ კი არ დამინდო და ცოცხლად წაართვა ჩემი თავი შვილებსთქო….
ხმაში ბზარი შეეპარა ამის მოსმენისას, დამამშვიდა. მითხრა, რომ ჩემს შვილებს პირად კონტროლზე აიყვანს და მათი სკოლიდან დაიწყებს პრობლემების მოგვარებას.
დიახ, ბატობო მინისტრო, თქვენ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას, სკოლას, რომელმაც მეოცე საუკუნის გრანდები აღზარდა მეთქი. ღირსება უნდა დაუბრუნოთ ყველა სკოლას, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული… თითქმის ყველა ე.წ. პრესტიჟული სკოლა ორმაგი სტანდარტებით ასწავლის მეთქი.
გპირდებითო, ყველა ის კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ჩემი მიზანიც ესააო…
ბოდიში მომიხადა, შეხვედრაზე მაგვიანდებაო და მთხოვა ფეისბუკის პირად გვერდზე მიმეწერა ყველა ის საკითხი, რომელსაც დროის სიმცირის გამო ვერ ვისაუბრეთ.
დიდი მადლობა გადავუხადე მინისტრს ჩემი და ყველა იმ დედის სახელით, რომლებსაც იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, თუნდაც მინისტრის სატელეფონო ზარმა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, რომ მიიტანეთ გულთან ჩემი გულისტკივილი, გამოძებნეთ დრო და ერთჯერ კი არა რამდენჯერმე დამირეკეთ 

მადლობა მეგობრებო, გვერდით დგომისთვის
 მარტო ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი 

ახლა უკვე აღარ ველოდები მინისტრის ზარს, ახლა საქმეს ველოდები, რომელიც საარაკო გახდება!!!
ერთად სასწაულების მოხდენა შეგვიძლია!!!
P.S. მოგიწოდებთ, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს შეიკრიბეთ, სკოლის წინ, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეთ უდიდეს ქართველს, პატივი მიაგეთ იმისთვის, რომ საქართველოს საუნჯეს მისხალიც არ მოაკლო და შიმშილისგან თავი რომ ეხსნა თხის რძით იკვებებოდა ოქროებში ყელამდე ჩაფლული კაცი. . და გახსოვდეთ, ქვეყნის სიმდიდრე მარტო ოქრო-ვერცხლი არ არის, ქვეყნის სიმდიდრე ის თვალხატულა გოგო-ბიჭებია, ექვთიმეს ნატერფალებზე რომ დადიან ცოდნის ტაძარში
 მოვუფრთხილდეთ ქვეყნის განძს, გადავარჩინოთ მომავალი !!!скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]